GEOENG
   
 
მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდების საქმეზე ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა

2018 წლის 20 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შესახებ.

წარდგენილი ბრალდების თანახმად მ.ე.-ს, თ.კ.-ს, მ.მ.-ს, გ.ჩ.-ს და კ.ე.-ს  ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, პირის მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით   აიძულონ სხვა პირი შეასრულოს თავისი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება. თ.კ.-ს ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის, კ.ე.-ს კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვისათვის.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა და ძიების ამ ეტაპზე კონკრეტულად დაუდგენელმა სტრუქტურული ფორმის  მქონე  ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, 2018 წლის 11 ოქტომბერს, განზრახვის განსახორციელებლად გ.დ. მოტყუებით მიიყვანეს ორი დღით, სპეციალურად დაქირავებულ ბინაში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით  აღუკვეთეს მას თავისუფლება, რის შემდეგ, თანამზრახველებმა, ასევე, სპეციალურად რამდენიმე დღით  ნაქირავები  ,,ტოიოტას“ მარკის ,,ვიტსის“ მოდელის ავტომანქანით  გ.დ. იძულებით წაიყვანეს წყალტუბოს რაიონის სოფელ  მათლაკში  მდებარე გ.ჩ.-ის სახლში, დააბეს ხელბორკილით იქვე არსებულ საწოლზე, წაართვეს გარესამყაროსთან კონტაქტი და არ მისცეს თავისუფლად გადაადგილების უფლება. ორგანიზებული ჯგუფის წევრები დაუკავშირდნენ გატაცებულის მამას და უკანონოდ მოსთხოვეს 3 000 000 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ მას შვილის სიცოცხლის მოსპობით. დენადი დანაშაული გრძელდებოდა 2018 წლის 18 ოქტომბრამდე. თ.კ.-მ  მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა - 1930-1933 წლების ნიმუშის ტოკარევის კონსტრუქციის 7,62 მმ კალიბრის პისტოლეტი და ამ იარაღისთვის განკუთვნილი 1930 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის  2ცალი ვაზნა, ხოლო კ.ე. მინის ფლაკონში და ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცში მოთავსებულ 0.0076 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს ასევე უკანონოდ ინახავდა. ქ. თბისლისი, ევდოშვილის ქუჩაზე მდებარე თავის ფაქტობრივ საცხოვრებელ ბინაში.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენა. სასამართლომ განმარტა, რომ არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, გამოძიებისათვის ხელის შეშლისა და მტკიცებულებათა განადგურების მაღალი რისკები. სწორედ, ამ გარემოებებზე დაყრდნობით  ბრალდებულების მიმართ გამოყენებულ იქნა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობის სახით.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის  13 დეკემბერს  გაიმართება.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.