GEOENG
   
 
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
2018 წლის 18 მაისს,  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განიხილა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. სასამართლო განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა განცხადება და ა(ა)იპ ,,ერთობა 2013-ის“ ელ-მატარებლების მემანქანეებს გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება მათთვის დადგენილ სამუშაო საათებში შეეზღუდათ. 
 
მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს შემდეგი:  გაფიცვის უფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას პროფკავშირების მეშვეობით მოახდინოს ზემოქმედება დამსაქმებელზე, სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული, უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად. თბილისის მეტროპოლიტენი წარმოადგენს ყველაზე იაფ და სწრაფ მუნიციპალურ ტრანსპორტს, რომლითაც ყოველდღიურად 400 000-მდე მგზავრი სარგებლობს და მისი შეფერხება გამოიწვევს მიწისზედა, ისედაც გადატვირთული საგზაო ინფრასტრუქტურის კოლაფსს.
 
მოქალაქეებთან ერთად, დაბრკოლდება და შეუძლებელი გახდება ჯანდაცვის, სახანძრო უსაფრთხოების და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურების უზრუნველმყოფ პირთა გადაადგილება (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის, როგორც სამსახურამდე დროული გადაადგილება, მათ შორის მიწისქვეშა მუნიციპალური ტრანსპორტის მეშვეობით, ასევე ამ სამსახურების სარგებლობაში არსებული სპეციალიზირებული ტრანსპორტის გადაადგილება, რითაც შეფერხდება ჯანდაცვის და სხვა სასიცოხლო მნიშვნელობის მომსახურების გაწევა). აღსანიშნავია რომ გაფიცვის უფლებით  სარგებლობს მეტროპოლიტენის ელ-მატარებლების მემანქანეთა 80%-ზე მეტი, რაც შეუძლებელს გახდის მუნიციპალური მიწისქვეშა ტრანსპორტის (მეტროს) უსაფრთხო და გამართულ ფუნქციონირებას.
 
სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს სცადა დაებალანსებინა, როგორც პროფესიულ კავშირებში გაერთიანების და გაფიცვის უფლება, ასევე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება. სასამართლომ, ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ელ-მატარებლების მემანქანეთა გაფიცვა შესაძლოა ატარებდეს ხანგრძლივ ან უვადო ხასიათს, შესაბამისად, სასამართლოს განჩინებით, ა(ა)იპ „ერთობა 2013“-ში გაერთიანებულ მემანქანეებს დეკლარირებულ გაფიცვაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში მიეცათ. 
 
სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება, რომელიც თავის მხრივ განვითარებული ევროპული ქვეყნების სასამართლო პრაქტიკაა და  მისი გამოყენება/არ გამოყენება გავლენას არ ახდენს დავის საბოლოო შედეგზე. 
 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.