ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

7 თებერვალი, 2019

ტეგები

განცხადება

თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატს პასუხობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, საპატიო მიზეზის მიუხედავად, სასამართლოს მიერ მისი დაჯარიმების თაობაზე.

2017 წლის სექტემბრიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართალწარმოებაშია, სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ა. ფ. ო.-ის მიმართ, რომლის  ინტერესებსაც  პროცესზე უფლებადამცველი  ალექსანდრე კობაიძე წარმოადგენს.  ალექსანდრე კობაიძე არასაპატიო მიზეზით, პროცესზე  გამოუცხადებლობის გამო 2019 წლის 5 თებერვალს მოსამართლემ 300 ლარით დააჯარიმა. პროცესის დაწყებამდე სხდომის მდივანთან სატელეფონო კომუნიკაციისას ადვოკატმა სასამართლოს 10 წუთიანი დაგვიანების თაობაზე ამცნო და განმარტა, რომ ელოდებოდა ბავშვების აღმზრდელს სახლში. მიუხედავად ამისა, 10:00 საათზე დანიშნული პროცესი 10:58 საათზე დაიწყო, თუმცა, ადვოკატი სხდომაზე კვლავ არ გამოცხადებულა. სასამართლომ ბრალდებულს  ინტერესების დამცველი სახაზინო წესით დაუნიშნა. მომდევნო დღეს, 6 თებერვალს  12:55 საათზე  ალექსანდრე კობაიძემ სასამართლოს საჩივრით მომართა, რომელსაც თან ერთვოდა შვილების საავადმყოფო ფურცელი, რომლის შესახებაც  ადვოკატს სატელეფონო კომუნიკაციისას წინასწარ არ უცნობებია (საჩივარზე თანდართული ცნობა გაცემულია 2019 წლის 6 თებერვალს, ხოლო სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვანი შვილები დაწესებულებაში განთავსდნენ  5 თებერვალს, საღამოს 22:00 საათიდან).

ამასთან აღსანიშნავია, რომ ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო პროცესები არაერთხელ გადადებულა. კერძოდ, ადვოკატი არ გამოცხადდა 2018 წლის 6 ივნისს, 2018 წლის 14 მარტს, ხოლო 2018 წლის 27 ნოემბერს  გამოუცხადებლობის გამო იგი 200 ლარით დაჯარიმდა,  რაც  ძალაში დატოვა ასევე ზემდგომმა ინსტანციამ. აქვე ავღნიშნავთ, რომ  ა. ფ. ო.-ის ბრალდების საქმის განხილვა სასამართლოს მიზეზით  არცერთხელ არ გადადებულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ადვოკატი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და აპელირებს  არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობით.

სასამართლო მოუწოდებს ალექსანდრე კობაიძეს თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის  გავრცელებისაგან, რაც მიზნად ისახავს სასამართლოს ავტორიტეტის შელახვასა და მოსამართლის დისკრედიტაციას.