GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

04.03.2016
თბილისის საქალაქო სასამართლოს 149-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. მოსწავლეებს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეს-სამსახურის თანამშრომლებმა უმასპინძლეს.
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის ”პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა” ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზები, გაეცნენ ელექტრონული საქმის წარმოების პროცესს, მიიღეს ინფორმაცია სასამართლო მედიაციის პროექტის შესახებ და მედიაციის სესიებისათვის განკუთვნილი ოთახებიც მოინახულეს.
 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები დაინტერესდნენ მედიაციის პროექტის შესახებ, თუ როგორ მუშაობს  და რატომ არის უფრო ეფექტური ამ პროექტის აქტიურად დანერგვა ჩვენს პრაქტიკაში.
 
მოსწავლეები, ასევე, დაესწრნენ ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომას.
 
 
ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.