GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

06.02.2016
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო სხდომები გაიმართა. 
 
”ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის” პროექტის -  ”არასრულწლოვანთა განვითარების პროგრამა”  ფარგლებში, იმიტირებული პროცესები სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს. თბილისის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა ჯგუფებმა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეები განიხილეს. ”არასრულწლოვანთა განვითარების პროგრამა” მოიცავს ტრენინგების კურსს სკოლის მოსწავლეებისათვის, სახელმწიფო უწყებებში ვიზიტებს, დასკვნით ეტაპზე კი სასამართლოში იმიტირებული სხდომების ჩატარებას.
 
დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ა(ა)იპ - ”ახალგაზრდა თაობის” ორგანიზებით იმიტირებული პროცესი გაიმართა. პროექტში - ”იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისათვის” თბილისის მასშტაბით 80-მდე მოსწავლეა ჩართული და იგი 3 ტურს მოიცავს. პროექტის საფინალო ტურში გადასულმა მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო სხდომა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გამართეს, მათ ვერდიქტი განზრახ მკვლელობის საქმეზე მიიღეს.
 
თბილისის საქალაქო სასამართლო ტრადიციულად მხარს უჭერს ახალგაზრდების ინიციატივებს, რომლებიც სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებასა და მომავალი იურისტების პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას ისახავს მიზნად. 
 
 
 
 
 
ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.