GEOENG
   
 
ყოფილ პოლიციელს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
2018 წლის 4 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ოჯახური ძალადობის, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ორი პირის მიმართ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულ ა. ჯ.-ს მიმართ.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული, არერეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ოჯახის წევრზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ძალადობდა, ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2018 წლის 31 მაისს, ა. ჯ., რომელიც შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო, მივიდა ქ. თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლში. ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ზურგის არეში ესროლა ოჯახის წევრს-მეუღლეს. ამის შემდგომ, ა. ჯ-მ, იმავე იარაღიდან სამი გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მეუღლის ყოფილ ქმარს. დანაშაული ბრალდებულმა არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩაიდინა.

ა.ჯ-ს ბრალად ედებოდა განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ. ასევე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა სრულად აღიარა ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდაოდ ცნო. სასამართლომ ა.ჯ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.