GEOENG
   
 
ოჯახში ძალადობისათვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობის საქმეზე ბრალდებულ ა. რ.-ს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
 
ბრალდებულის მიმართ, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) ან 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი დამოუკიდებელი ეპიზოდი). 
 
საქმის მასალების თანახმად, ა. რ.-მ, 2017 წლის 13 სექტემბერს მეუღლეს, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი თავის არეში. დაზარალებულის მხრიდან თავის დასაცავად გაწეული წინააღმდეგობის გამო, გაღიზიანებულმა ბრალდებულმა აიღო შეშის საჭრელად განკუთვნილი ნაჯახი და გაემართა მეუღლის მიმართულებით. ფ. მ.-მ თავის დაღწევა საძინებელ ოთახში გასვლით სცადა, სადაც მისი მცირეწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ, თუმცა ბრალდებულის მიერ მოქნეული ბასრი იარაღის მჭრელი პირი მარჯვენა ფეხის მენჯის არეში მოხვდა. ბრალდებულმა ა. რ.-მ ფიზიკური ძალადობა მხოლოდ პოლიციაში დარეკვის მუქარის შემდეგ შეწყვიტა. ბრალდების მეორე ეპიზოდში, 2017 წლის 14 სექტემბერს, ა. რ.-მ მეუღლეს სამი მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, სიტყვიერი  და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა: მკლავის არეში ხელი მოუჭირა ცოლს და თავისა და გულმკერდის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი. მეუღლის მხრიდან ძალადობისგან თავის დასაცავად დაზარალებულმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. 
 
სასამართლო განხილვის დროს, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ, თუმცა საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის არასრუწლოვანი შვილისა და სხვა მოწმეთა ჩვენებების, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების - ნაჯახის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობით, სასამართლომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, ა.რ.-ს მიმართ შემაკავებელი ორდერის არაერთგზის გამოცემის ფაქტი და ბრალდებულს, დანაშაულთა ერთობლიობითა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.