GEOENG
   
 
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობის მცდელობისათვის ბრალდებულ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ თემურ გ.-ს. აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. 
 
წარდგენილი ბრალის თანახმად, თემურ გ.-ს ბრალად ედება თაღლითობის მცდელობა, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით. 
 
საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის თებერვალში, თემურ გ. შეხვდა მოქალაქეებს ე. ხ.-სა და ტ. ა.-ს, რომელთაც სურდათ ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებული მათი ახლობლისათვის კანონით გათვალისწინებული შეღავათის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევა. ბრალდებულმა ე. ხ. მოატყუა და დაპირდა, რომ მისთვის 7 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შეწყალების კომისია ვ.ჯ.-ს შეიწყალებდა. მომდევნო შეხვედრისას, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა მოთხოვნილი თანხის პირველ ნაწილს 3 500 აშშ დოლარის ოდენობით, რის შედეგადაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა იგი დააკავეს. 
 
სასამართლომ, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით. ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, თემურ გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეერჩა.
 
საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2018 წლის 19 აპრილს, 13:00 საათზე.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.