GEOENG
   
 
შ.პ.ს „ლანცეტის“ დირექტორს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
2018 წლის 8 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ  შ.პ.ს „ლანცეტის“ დირექტორი ფარმან ჯ. დამნაშავედ ცნო და ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ფარმან ჯ.-ს სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 6  წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 
 
წარდგენილი ბრალის თანახმად, ფარმან ჯ.-ს ბრალად ედებოდა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ფულადი თანხის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით. მასვე, ბრალად ედებოდა თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით. ბრალდებულს, ასევე ბრალად ედებოდა, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა, ე.ი. იმ გარემოებისა და ფაქტის შესახებ ინფორმაციის დამალვა, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის. 
 
საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის დასაწყისში, შპს ‘’ლანცეტის’’ დირექტორმა  ფარმან ჯ.-მ აზერბაიჯანიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი და ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტთათვის უფასო კონსულტაციების შესახებ მედიის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია. ოპერაციები განახორციელა აზერბაიჯანელმა ქირურგმა, რომელსაც არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში. ამასთან, ორ პაციენტს გიორგი ჩ.-სა და კარლო კ.-ს, მოტყუებით განემარტათ რომ ესაჭიროებოდათ ღვიძლის სასწრაფო გადანერგვა.  2016 წლის 10 და 15 მარტს, სახელმწიფო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული ოპერაციების შედეგად ორივე პაციენტი გარდაიცვალა.
 
მოწმეთა ჩვენებების, სამედიცინო დოკუმენტაციისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა.  ამასთან  სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის შემქმნელი გარემოებების შესახებ ინფორმაციის დამალვის ბრალდების ნაწილში ფარმან ჯ. სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა.  სასამართლომ ბრალდებულს საბოლოოდ 6  წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.