GEOENG
   
 
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამცირებელი, არაადამინური მოპყრობისა და წამების ბრალდების საქმეზე 7 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. 
 
სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად  ზაზა ხ.-ს,  ნუგზარ მ.-ს, დავით ნ.-ს, დავით ჩ.-სა და ვახტანგ გ.-ს „ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის“ გამოყენებით, საბოლოოდ  3 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.  მალხაზ ღ.-ს „ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა“ და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ  6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ხოლო  ოლეგ ფ.-ს „ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა“ და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ოლეგ ფ.-ს მიმართ დანიშნული სასჯელი შთანთქა  2017 წლის, 18 იანვრის განჩინებით განსაზღვრულმა  სასჯელმა და მას საბოლოოდ,  9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 
 
წარდგენილი ბრალის თანახმად, ზაზა ხ.-ს, ნუგზარ მ.-ს, დავით ნ.-ს, დავით ჩ.-ს, ვახტანგ გ.-ს, ოლეგ ფ.-სა და მალხაზ ღ.-ს, ბრალად ედებოდათ პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ.  ოლეგ ფ.-სა და მალხაზ ღ.-ს, ასევე ბრალად ედებოდათ წამება, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ. (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია.)
 
საქმის მასალების თანახმად, 2010-2012 წლებში ბრალდებულები, რომლებიც სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, სისტემატიურად ახორციელებდნენ პატიმრებზე ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას. კერძოდ, უკანონოდ უზღუდავდნენ გასეირნების, ჰიგიენის დაცვის, ექიმის მომსახურების, დასვენების, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით (რადიოთი) მიღებისა და სხვა უფლებებს. ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდების გამოყენებით, ბრალდებულთა მიზანს, მსხვერპლში შიშის, ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდის, საბოლოოდ კი უსიტყვო მორჩილების მიღწევა წარმოადგენდა. 
 
ღია სასამართლო სხდომებზე, საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა, მათ შორის დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებების, სასამართლო-სამედიცინო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულთა მხრიდან ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით პატიმრების დამამცირებელ, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდოგმარეობაში ჩაყენება. სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საპატიმროს საკნებში და ე.წ. „კარანტინის დაშლისას’’ პატიმართა მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის. 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.