GEOENG
   
 
სარჩელი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეების თ. თ.-სა და ა. კ.-ს სასარჩელო მოთხოვნა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე,  მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს  მიმართ. 

მოსარჩელემ განმარტა, რომ სახეზეა მოპასუხეთა უმოქმედობით გამოწვეული ზიანი, კერძოდ, მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც თ. თ.-მ მოითხოვა, შვილის მ. წ.-ს გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება - 10 000 ლარის ოდენობით, ასევე, არასრულწლოვან ა. კ.-ს სასარგებლოდ სარჩოს სანაცვლოდ ერთჯერადი ანაზღაურება 216 850 ლარის ოდენობით. 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებენ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას. მ. წ. მიმართავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს მის მიმართ ლ. მ.-ს მხრიდან განხორციელებული მუქარის, ძალადობის ფაქტების და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და ითხოვდა დახმარებას, მოპასუხე - ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ კი არ იქნა განხორციელებული კანონით განსაზღვრული ყველა ის ქმედება და პროცედურა, რაც შეამცირებდა ლ. მ.-სგან გამომდინარე საფრთხეს. სასამართლომ მიიჩნია, სახელმწიფო ორგანოებმა მიუხედავად მათი ინფორმირებულობისა არ მიიღეს ყველა გონივრული ღონისძიება მ. წ.-ს ხელშეუხებლობის დასაცავად და არ მოახდინეს მის მიმართ ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირება. 

სასამართლომ სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურებს ნაწილში დააკმაყოფილა სრულად, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ თ. თ.-ს სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით. სასარჩელო მოთხოვნა სარჩოს ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული სარჩოს სანაცვლოდ ერთჯერადი ანაზღაურების გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობა, შესაბამისად, სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოებს სარჩოს ანაზღაურება დააკისრა არა ერთჯერადი ანაზღაურების სახით, არამედ ყოველთვიურად 608 ლარის ოდენობით ა. კ.-ს სრულწლოვანებამდე. სასამართლომ სარჩოს ოდენობა განსაზღვრა მ. წ.-ს ხელფასის (შემოსავლის) გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობაზე გაყოფით.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღეში სააპელაციო წესით. 


 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.